"მოდით, დაგვამხეთო"... მოვიდნენ! დასამხობად და დასამარხად გამზადებული თავისუფლება და კონსტიტუცია დაიცვეს და თავისუფლების სამყაროში იმაზე შეუდარებლად ხმამაღალი სიგნალი გაგზავნეს, ვიდრე მათ დასაშლელად გამოგორებულ სპეცტექნიკას ჰქონდა.
რუსული კანონის ჩაგდება საქართველოს, ყველა ჩვენგანის და განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების დიდი, საერთო წარმატებაა. გამარჯვება იქნება მაშინ, როცა ქვეყნის გარუსების ასეთი მოღალატეობრივი, ცინიკური და თავხედური მცდელობა თავში აღარავის მოუვა და მითუმეტეს ასეთები ქვეყნის სათავეში არ გვეყოლება.
მაინც რა ვერ გათვალეს კურატორებმა კრემლიდან და რატომ დაუშვა საბედისწერო შეცდომა კვაზიავტორიტარმა, რომლის მოქმედების მთავარი მახასიათებელი ეტაპობრივი მოხრჩობა-მოგუდვაა?
ჩემი პასუხი ასეთია: პირველი - რუსებმა მართლაც ჩათვალეს რომ თავისუფალი ნება ქართველების უმეტესობაში მოგუდული, ატროფირებულია, თან უკრაინამ დრო ააჩქარა და მათი მოლოდინის რესურსი შეზღუდა და მეორე - ვისაც ეს ნება შერჩა, მზად არ არის თავისუფლების დასაცავად თავგანწირვისთვის. ანუ თუ პროტესტი იქნება "რუსთაველზე ხეს ფოთოლი არ ჩამოვარდება"...
ბევრისთვის გასაკვირად ასე არ მოხდა. თუ რატომ? ამაზე პასუხის პოვნაში უახლესი ისტორია დაგვეხმარება:
ასე ხდება, როცა დამპყრობელი, ავტორიტარი ისეთ ნერვს შეეხება, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, ან დიდი ხანია ყველას მკვდარი გონია.
ბოლო და შესაძლოა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საბჭოთა მთავრობამ უკან დაიხია 1978 წელს იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი დიდი ხანია შეჰგუებოდა საბჭოთა ტირანიაში ცხოვრებას და არავინ ელოდა წინააღმდეგობას, როდესაც საქმე ქართული ენის სტატუსს, ანუ ეროვნული იდენტობის მთავარ და იმ დროისთვის ერთადერთ მდგენელს შეეხო. პოლიტბიუროს განზრახვამ აღმძვრელის როლი ითამაშა. ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა. 56 წელი და მითუმეტეს 30-იანები აღარ იყო და იდეოლოგიური გამოფიტვის დაღმართზე მყოფმა კომუნისტურმა რეჟიმმა საბჭოთა საქართველოს ისტორიაში პირველად უკან დაიხია. რუსული ტიპის მარიონეტული რეჟიმის საძირკველს ივანიშვილმა მყარად ჩაუყარა საფუძველი მას შემდეგ, რაც საკუთარი პოლიტიკური გუნდის სრული მორალური და პოლიტიკური სტერილიზაცია მოახდინა. ყველა მნიშვნელოვან ინსტიტუტში განალაგა ადამიანები, რომლებსაც საკუთარი აზრი არც გააჩნიათ და არც მოეკითხებათ. შემდეგ მეთოდურად, აგურ-აგურ გააგრძელა რეჟიმის მშენებლობა, მახრჩობელა გველივით მარწუხებში მოაქცია თავისუფლების სივრცეები და მივიღეთ სურათი, როდესაც ბევრი აღარაფერი განგვასხვავებდა პუტინისტური რუსეთის რეჟიმისგან, თუ არ ჩავთვლით სატელევიზიო ეთერებში ჯერ კიდევ შემორჩენილ კრიტიკულ ხმას. ბოლოს კი ივანიშვილმა და მისმა კურატორებმა კრემლიდან, სავარაუდოდ, საბოლოოდ გადაწყვიტეს რომ საქართველოს მოსახლეობა შეეგუა სტატუს კვოს, ანუ რუსეთის მარიონეტობას და ავტორიტარული სისტემის ჭაობში ცხოვრების შედეგად მოტანილ "სიკეთეებს" და სირთულეებს და დანებდა ადგილობრივი პროპაგანდის მიერ კულტივირებული ტერორისტი სახელმწიფოს მხრიდან ომის მუქარას. ანუ სპეცოპერაცია "ივანიშვილის ოცნება" ფინალში გავიდა, დადგა მომენტი როცა შეიძლებოდა გადადგმულიყო თავისუფლების სრულად შეზღუდვის, ანუ ქვეყნის ღიად გარუსების საბოლოო ნაბიჯი. ბუნებრივია ეს ჯერ არ ჩაიწერებოდა კონსტიტუციაში, ან აისახებოდა სახელმწიფო სიმბოლიკაში, თუმცა ჩვენ გვექნებოდა ტიპური რუსული კანონი, რომელიც ამ ქვეყანას დიდი ხნით მოწყვეტდა ევროპას და გააფორმებდა რუსეთის პროვინციად.
აქ კი ფრთხილმა მარიონეტმა ფატალური შეცდომა დაუშვა. საქართველოს გარუსების ფორმალიზების მცდელობით მან წლების განმავლობაში კარგად კამუფლირებული ნიღაბი მოიხსნა და ევროკავშირის სიმბოლიკიანი ნიღბის ქვეშ კისერმოღრეცილი რუსული 2-თავიანი არწივის სისხლიანი მზერა გამოჩნდა.
თავისუფლების წართმევის საფრთხე აღმოჩნდა ის უმნიშვნელოვანესი აღმძვრელი, რომელმაც ქართველი ახალგაზრდობის დღის წესრიგის რადიკალური ტრანსფორმაცია მოახდინა, საპროტესტო აქციებში ჩართო და პოლიტიკურ ველზე გამოიყვანა.
რატომ ასეთი სიმწვავე ახალგაზრდებისგან?
ახსნა ასეთია: თავისუფლება ჩვენი და კიდევ უფრო ასაკოვანი თაობისთვის შეძენილი ღირებულებაა, მაშინ როცა სრულიად ორგანული, დაბადებით თანდაყოლილი მდგომარეობაა იმ ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც რუსთაველის გამზირს ავსებდა. ჩვენ თავისუფლების გარეშეც გვიცხოვრია და ვიცით რომ მისი დაკარგვის შემთხვევაშიც ვიარსებებთ. მეტიც, ჩვენზე უფროსი თაობის ბევრი წარმომადგენლისთვის თავისუფლება თავსმოხვეული ტვირთიც კია, განსხვავებით ახალგაზრდებისგან, რომლებმაც არც იციან და უბრალოდ ვერც წარმოუდგენიათ მის გარეშე ცხოვრება, რადგან ასეთი რამ არასდროს გამოუცდიათ და ზურგის ტვინით გრძნობენ და ხვდებიან, რომ თავისუფლების დაკარგვა მათი პიროვნული იდენტობის სრულ ნგრევასა და განადგურებას გამოიწვევს. თავისუფლების წართმევა მათთვის კიდურის მოგლეჯის ფიზიკურ განცდაზე მეტია, ამიტომაცაა ეს თაობა მზად ამ ღირებულებისთვის ბოლომდე იბრძოლოს და თავი გაწიროს.
წარმატებაც, გარდა მრავალრიცხოვნობისა, ამ უკიდურესმა თავგანწირვამ და თავისუფლების დაცვისთვის ყველა ხერხის გამოყენების სრულმა მზაობამ განაპირობა. რუსთაველზე შეკრებილმა ახალგაზრდობამ მოქმედებით აჩვენა, რომ ის ყველაფერზე წავა და თავისუფლებას არ დათმობს, იქნება ეს პოლიციის მანქანის ამოტრიალება და დაწვა, პარლამენტის ფანჯრების ჩალეწვა, თუ სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან უკანონო ბრძანების შესრულებისთვის ყველა შესაძლო საშუალებით წინააღმდეგობის გაწევა.
ამ ფაქტმა წარმოშვა ერთი უკიდურესად მნიშვნელოვანი ცვლადი, რომელმაც ივანიშვილი აიძულა უკან დაეხია. ეს ცვლადი არის არც მეტი არც ნაკლები რევოლუციური მუხტი, რომელიც პოლიტიკაში უკვე ნებით თუ უნებლიედ შემოსულმა ახალგაზრდებმა შემოიტანეს.
ამ მუხტის მატარებელი ჩვენ ვერ ვიქნებით. ჩემი და უფროსი თაობა, თუ ამ ქვეყნის საშუალო კლასი, რომელსაც ცნობიერ დონეზე ყველაზე უკეთ აქვს გააზრებული საქართველოს გარუსების, თავისუფლების დაკარგვისა, თუ ქვეყნის დასავლეთიდან მოწყვეტის საფრთხე. ბევრი მიზეზია: გამოცდილებით დამძიმებული პასუხისმგებლობა, სოციალური ვალდებულებები, ფიზიკური ენერგიის უკმარობა, თუ 90-იანი წლების ტრავმები. მოკლედ საზოგადოების ეს ნაწილი ასეთი მუხტის მატარებელი ვერ იქნებოდა, რითაც დღემდე ცინიკურად და ბოროტად სარგებლობდა ოცნების ხელისუფლება. "თუ თავი გაქვთ, მოდით და დაგვამხეთ"... - ეს იყო ბიძინას კვაზიავტორიტარიზმის გამორჩეულად ცინიკური გზავნილი.
ახალგაზრდების თავდადებამ და რაც მთავარია, მათ მიერ შემოტანილმა რევოლუციურმა მუხტმა, ნათლად დაანახა რუსეთის მარიონეტულ მთავრობას, რომ ის ასე მართვას ვეღარ შეძლებს. უხეში ძალის გამოყენებისა და ძალმომრეობის ზრდის პარალელურად, მიიღებს კიდევ უფრო დიდ და ხისტ წინააღმდეგობას, რომლის უკანაც იდეისა და ღირებულებებისაგან დაცლილი ხელისუფლებისგან განსხვავებით, სიმართლე, თავისუფლება, თავდადება და საქართველოს ყველა თაობის საუკეთესო ნაწილი და მთელი ცივილიზებული სამყარო დგას.
მარტის გზავნილი ასევე არის ნათელი გზავნილი მოკავშირეებისთვის, რომ ჩვენთვის - თავისუფლების იდეა, რაზეც დასავლური ცივილიზაცია დგას, უპირველესი პრიორიტეტია და ზუსტად იმ წონის ღირებულებას წარმოადგენს, როგორც ამერიკელის, ბრიტანელის, გერმანელის, ფრანგის, პოლონელის, თუ გაუტეხელი უკრაინელისთვის.
სწორედ ამიტომაა საქართველო დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, ამიტომ გვეკუთვნის ნატოსა და ევროკავშირის წევრობა. თავისუფლებისთვის ბრძოლის ამ მასშტაბური აქტის იგნორირებას დასავლეთი უკვე ვეღარ მოახდენს, ვაშინგტონსა და ბრიუსელს კი უჩნდება მორალური და რაც მთავარია პრაქტიკული ვალდებულება უფრო მეტი და ქმედითი მხარდაჭერა გამოუცხადოს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, რისთვისაც ის მზადაა იბრძოლოს კიდეც.
ეს ყველაფერი ერთად კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ სახელმწიფოს გამარჯვებისა და სამშვიდობოს გაღწევისთვის დღეს ბევრად უკეთესი შანსი აქვს, რისთვისაც მთავარი და ფუნდამენტური ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა.
ამ ისტორიულ ბრძოლაში ახალგაზრდობა კვლავ ავანგარდში ჩადგა.
იმდენი იძახეს ბიძინებმა "მოდით დაგვამხეთო", რომ მოვიდნენ... ოღონდ არა დასამხობად - ქართული გვარების მქონე რუსების დამხობილის აღსადგენად და გასასწორებლად, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად და შინ, ევროპაში დასაბრუნებლად.